დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება და შესაბამისი განათლების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ “მაესტრო რეგიონების” ეთერში ჩართვისას განაცხადა, კოლეჯში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათლება უფასოდ მიიღოს.
“დაახლოებით ერთ წელიწადში წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი ექნება, რომლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაანონსდა. პროფესიული კოლეჯი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულებს გადაამზადებს, რომლებიც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმუშავებენ იმ სანატორიუმებსა და სასტუმროებში, რომლიც რეაბილიტაციას წყალტუბოში განხორციელდება. კოლეჯი ფუნქციონირებას დაახლოებით მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი განათლება უფასოდ მიიღოს. ჩვენ ვფიქრობთ რეგიონებში სხვადასხვა ადგილზე კოლეჯების ამოქმედებას. უკვე ვიწყებთ სამტრედიაში, დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 5 600 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც პროფილით იქნება აგრარული. ზესტაფონში ფუნქციონირებს კოლეჯი, რომელიც მშენებლების პროფილით ამზადებს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კოლეჯებში განათლების მიღება არა მხოლოდ ამ რაიონების მოქალაქეებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ყველა კოლეჯში სტუდენტების საცხოვრებლად შესაბამისი ოთახები იქნება”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.