მუსიკაზე შეყვარებული გოგონა _ მეგატივი ნიჭიერ მუსიკოსს ბარბარე მოდებაძეს გაგაცნობთ. ბარბარე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეა. პატარა მუსიკოსი ჯერ მხოლოდ რვა წლისაა, თუმცა ამ სფეროში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია.
ერთი წლის მანძილზე არაერთ კონკურს-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის „მომავლის ვარსკვლავები“ და „იპოვე შენი ვარსკვლავი“ , სადაც პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. პირველი სამუსიკო სკოლის საიუბილეო კონცერტზე კი კამერულ ორკესტრთან ერთად დაუკრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარბარემ შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ახლახანს ბათუმში ჩატარდა, ცნობილი პიანისტისგან ელისო ბოლქვაძისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. გარდა ამისა ბარბარე ერთი წლის მანძილზე მიშელ სონის ინოვაციური, დაჩქარებული მეთოდიკის დაწყებითი სწავლების კურსს გაივლის.
ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე – ასე ახასიათებს ბარბარეს მისი პედაგოგი მზია ქორიძე. იგი აღნიშნავს, რომ პატარა პიანისტი განსაკუთრებული მუსიკალური აზროვნებითა და ფაქიზი ნიუანსებით გამოირჩევა. ბარბარეს შესახებ საუბრობს პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორიც.
პატარა მუსიკოსს უამრავი გეგმა აქვს . წინ არაერთი კონკურს-ფესტივალი და გამარჯვება ელოდება.