დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. 55 000 -მდე პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა სკოლის ზარი. მათ ახალი სახელმძღვანელოები და ნოუთბუქები უკვე დაურიგდათ. საზეიმო ღონისძიებები ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში დილიდანვე მიმდინარეობდა.
ტრადიციულად მომზადებული დახვდა ახალ სასწავლო წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაც. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ სკოლა ყველანაირად მზად არის მიიღოს ბავშვთა ახალი ნაკადი და დაეხმაროს მათ სამომავლოდ სოციალური სტატუსის დამკვიდრებაში.
მოსწავლეებთან ერთად იყო ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი თქმით იმას თუ როგორი მომავალი ექნება ქვეყანას, განსაზღვრავს ის, თუ როგორი თაობები გაიზრდებიან სკოლებში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.