დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში. “დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივებისრეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას. მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება. გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. “ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში დამომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.