ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს, ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილები პოლიტიკური სპეკულირებაა. „ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაც რაღაც სურვილებს გამოთქვამს, წერილები იწერება, კანცელარიაში. ერთი რამ მინდა ვთქვა - ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება. ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი. საჭიროა უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც შეუძლია, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, აქვს სურვილი, ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, უბრალოდ, გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს, ამ ფრენას ნებისმიერი ქალაქიდან. ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, ავიაციასთან მიმართვა სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.