არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
“აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ: იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება.
დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. საღამოს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
რა ხდება:
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.
პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.