რეკომენდაციები NDI-ის სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია, ადგილობრივმა ჩართულმა მხარეებმა მყისიერად უპასუხონ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მოიპოვონ საზოგადოების ნდობა. პლურალიზმისა და ინკლუზიური არჩევნების გაძლიერების მიზნით მისია, საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: ღია სამოქალაქო და პოლიტიკური სივრცე –
● პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რათა აღმოფხვრას მისი დამანგრეველი გავლენა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებით უზრუნველყოს როგორც შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე საზოგადოებრივ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის უფლებების დაცვა. ეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, დემოკრატიული არჩევნებისა და პროცესების საფუძველს წარმოადგენს.
● პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ წაახალისონ და არ უგულებელყონ ნებისმიერი სახის ძალადობა, მიმართული პოლიტიკური შეხედულებების, მათ შორის, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების გამოხატვის პროცესებში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ. ძალადობის ავტორებმა პასუხი უნდა აგონ და მათი ქმედებები არ უნდა წახალისდეს.
● მიუკერძოებელმა უწყებებმა განიხილონ პოლიტიკური აქტორების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევები. პოლიტიკურმა ლიდერებმა არ გაავრცელონ ინდივიდების წინააღმდეგ მიმართული მუქარები.
● პარლამენტმა გაიწვიოს კანონი “ოჯახური ღირებულებების და არასრუწლოვანთა დაცვის შესახებ”, რომელიც აძლიერებს კონკრეტული ჯგუფების დისკრიმინაციას და ზღუდავს გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.
● საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ იმუშაონ 2024 წლის საარჩევნო პროცესებში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე ადმინისტრაციული რესურსის არაკეთილსინდისერი გამოყენების, კამპანიის დაფინანსების, ძალადობის, კანონის უზენაესობის, მედიისა და დეზინფორმაციის კამპანიების მიმართულებით.
● პარლამენტმა შეიმუშავოს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ჯგუფების სამოქალაქო უფლებების დაცვის მკაცრი საკანონმდებლო მექანიზმები მათი შეურაცხყოფის, თვალთვალისა და ძალადობის თავიდან ასარიდებლად; უზრუნველყოს მსგავს ქმედებებზე ანგარიშვალდებულება მეტი უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით საპროტესტო მსვლელობებისა და პოლიტიკური ღონისძიებების მიმდინარეობისას.










