“მოსახლეობის უმეტესობას არ სურს “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში მოსვლა” – ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ განაცხადა. დეპუტატი რომლის ბიუროს კარის დაბოქლომებასაც ოპოზიციამ სცადა დღეს ქუთაისის ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.
მხეიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამნეტში შესვენების გამო დრო გამონახა და საკრებულოს სხდომაზე აქტუალურ საკითხებში გასარკვევად მივიდა. მისივე თქმით, ბიუროში რამდენიმე მოქალაქესთან შეხვედრაც ჰქონდა ჩანიშნული.
“დღეს პარლამენტში შესვენება გვაქვს და გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი სხდომაზე. გადავხედე და გადავამოწმე რამდენიმე საკითხი. ქუთაისში პარლამენტში ფუნქციონირების დროს საკრებულოს სხდომებს ვესწრებოდი, თუმცა, კომიტეტებში მუშაობა და საკრებულოს სხდომები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, რადგან შესვენებაა პარლამენტში, გამოვიყენე ეს დრო ქუთაისში ჩამოსასვლელად,”-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ მერიის ააიპების თანამშრომლები და ის პირები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.
კითხვაზე, თუ რას უკავშირებს დიმიტრი მხეიძე საკრებულოს სხდომაზე იმ ადამიანების მობილიზებას, ვინც მისი ბიუროს კარს დაბოქლომებისგან იცავდა, დეპუტატინ ასე პასუხობს: “ქალაქში მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირებზე ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, ისინი იცავდნენ თუ არა ჩემს ბიუროს. დააანონსა მათმა მეთაურებმა დაბოქლომება და ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობას არ სურს “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში მოსვლა,”-განმარტა მხეიძემ.
საკრებულოს ოპოზიციური პარტიების დეპუტატები არ ესწრებოდნენ.