ცოლის დაწვასა და მკვლელობაში მხილებული კაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. ლეონიდე ზვიადაძის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი.
უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი კაცის მშობლები კი მომხდარის გამო გაოგნებულები არიან.
სავარაუდო მკვლელის დედა ამბობს, რომ ცოლ-ქმარს შორის უთანხოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ 40 წლამდეე კაცს ცოლის მოკვლა კი არა მასთან შერიგება უნდოდა.
„მას მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა. სახლში ცოლი ღებულობდა ჩემს შვილს, მაგრამ მისი მშობლები უშლიდნენ. ძირითადად ამაზე იყვნენ მომდურებულები. ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. სიტყვიერად კი ხშირად ჩხუბობდნენ”. – ამბობს კაცის დედა.
37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გუშინ გადასხა და ცოცხლად დაწვა. ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა. ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა.
კაცს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ყველაფერის საქმის კურსში იყვნენ მეზობლები და სამართალდამცველებიც, მაგრამ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერავინ შეძლო და 2 მცირეწლოვანი შვილის დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.