ამ წერილით, რაც ვნახეთ, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი იგივე რიტორიკას აგრძელებს, რასაც მთლიანად „ქართული ოცნება“ ატრიალებს, ეს პრინციპში ახალი არ არის, ეს ერთგვარი დაგვირგვინებაა, – ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
მან ასევე, ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წუთებში „ჰოლიდეი ინში“იმართება და რომელზეც მესამე სექტორი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს წარადგენს.
„ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მიზანია, საზოგადოების ფართო წრეს გავაცნოთ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის ეს შეეხება დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ასევე ადამიანის უფლებების გაძლიერებას, რაც საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, მათ შორის, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი შეეხება სწორედაც დეოლიგარქიზაციას, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედით, გულისხმობს დემოკრატიის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერებას და ამდაგვარად, იმ არაფორმალური გავლენების შემცირებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვხედავთ, რომ ფაქტობრივად არსებობს. შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის პროცესი ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას გულისხმობს, რაც რა თქმა უნდა, დღეს არსებული მდგომარეობის და პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს, ასევე, სამომავლოდ, არაფორმალური, ოლიგარქიული, თუ სხვა ნებისმიერი გავლენის შემცირებას გულისხმობს“, – აცხადებს სიმონიშვილი.









