“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველი და „ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივები“.
„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა რეალურად, დაადასტურა ის ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი, ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში. იმავდროულად, თუ ატყობთ, ომთან დაკავშირებით საუბრობენ მხოლოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს არის მათი რიტორიკა, მათი ქიმერა, რომელიც შექმნეს და ვითომ ამ ქიმერას წარმატებით ამარცხებენ. გარდა ამისა, ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივები”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.
გარდა აღნიშნულისა, ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავას აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.










