სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძისგანცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადება „მზაკვრული გეგმის“ ნაწილია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა.
„ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა. ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო, ახლა უკვე საკუთარი სახელით გამოაქვეყნა მან ეს წერილი. აქაც იგივე ხაზი გრძელდება, ახალი არაფერი გვინახავს. ეს არის ის, რომ ვიღაცას „ომი უნდა და ჩვენ მშვიდობას უზრუნველვყოფთ“, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილის თანხებს ბლოკავს. რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ისევ იმაზე გაუსვა ხაზი და ელჩთან შეხვედრაზე. ჩვენ ვთქვით კიდეც, წინა წერილები იყო სამზადისი, რომ ბიძინა გამოჩენილიყო, რაღაც დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელებაც ექნება, ოღონდ გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული. ეს გეგმა არის ისევ და ისევ ანტიდასავლური ხაზის გაძლიერება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა- „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია უახლოეს თვეებში, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მძიმე ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან“,-განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.









