ქუთაისის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ თითქოს გაბრაზებული ნიკეას მოსახლეობის როლს – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ დღეს, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა იმ საჯარო მოხელეების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებმაც გუშინ, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაერების დარიგებისას ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს.
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანია ამბობს რომ, მოქალაქეები უნდა იცნობდნენ ხალხის ფულით დაქირავებულ “ოცნების” ზონდერებს.
,,გუშინ ქართული ოცნების, ქუთაისის მერის ორგანიზებით, ნიკეაზე დაგხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ თითქოს გაბრაზებული ნიკეას მოსახლეობის როლს და მას ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც არის ნიკეაზე მერის წარმომადგენელი. ამ როლს თამაშობდა ასევე დავით ბუხრაშვილი, რომელიც არის ზედამხედველობის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი. ეს იყო ბატონი თენგიზ ფხაკაძე, რომელიც არის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი; ზურაბ სარალიძე – კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, ადამიანები, რომლებიც არიან სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები. ეს საჯარო მოხელეები, 40-მდე პირი დადიოდა და გვიმტკიცებდა, რომ ევროპაში შესვლა საჭირო არ არის”.











