ა ნტი-ევროპულ და ანტი-სახელმწიფოებრივად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, პრემიერმა ძირითადი დრო “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას დაუთმო.
“აჩვენეთ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა მსოფლიოს და არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ, სადაც ვართ, იქიდანაც კინწისკვრით გამოაგდებენ. საშინელი გამოსვლა, ანტი-ევროპული, ანტი-ქართული, ანტი-სახელმწიფოებრივი,”-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ეს არ იყო პრემიერის ანგარიში, ეს იყო პრემიერი ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების ანგარიში.
განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. მათი განმარტებით მთავრობის მეთაურმა პასუხი გასცა ყველა კრიტიკულ შეკითხვას.
“მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა დესტრუქციული სახით წაეყვანა პრემიერის მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას. ახსნა ის გზა, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაიარა, რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ის მიღწევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ის გამოწვევები, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპელი პარტნიორების მხრიდან იქნება ჩვენთვის ცნობილი,”-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი










