,,ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარის გამო
საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბოლო ათი წელიწადია და ერთი ათიც მანამდე, არაფრის გამო პროტესტი არ გამოუხატავს; განსაკუთრებით, 2018 წლის შემდეგ; რომელიც უიმედო დაგვიანებით ალაპარაკდა მხოლოდ ხელისუფლების ნომინალური ფიგურების დანაშაულზე, ევროინტეგრაციის გზაზე და კრინტი არ დაუძრავს ერთპიროვნულ, ოლიგარქიულ მმართველობაზე…
საქართველოს მთავრობა, რომელიც გააზრებულად, მიზანმიმართულად და არა მხოლოდ გააზრებულად, – სიბრიყვით და უცოდინრობითაც დაჩქარებულად მიგვერეკება, სტაგნაციაში, რეგრესში, დეკადანსში და საბოლოოდ, რუსეთის უკანალში…
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ოლიგარქის ხუშტურების ნოტარიუსია, იყვნენ გინდ მმართველი პარტიის და გინდაც ოპოზიციური პარტიებიდან გასული პარლამენტარები…
უსამართლო, უპრინციპო და უსირცხვილო მოსამართლეები, რომლებიც უსაშველოდ გამდიდრდნენ დაკვეთილი განჩინებების ხარჯზე…
ძალოვნები, რომლებიც საშინაო და საგარეო უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ჩვენზე – მოქალაქეებზე კომპრომატების შეგროვებით და შანტაჟით არიან დაკავებული…
რუსულ პრავასლავნიკურ წიაღში ფესვჩამპალი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობითი ნაწილი, რომელიც ათწლეულებია, ატყუებს, სიბრიყვეებით უტენის თავებს და აყეყეჩებს მათზე გულუბრყვილოდ ან გულწრფელად მინდობილ ქართველ მრევლს…
უძვლო, უფხო, უმარილო და უწამაგო ოპოზიციონერები, რომელთაც იდეისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის ჭეშმარიტად თავგანწირვის ნატამალი არ გააჩნიათ და მთელი მათი პოლიტიკური ,,მოღვაწეობა” მიტინგებზე ხმის ჩახლეჩამდე ხავილი და ტელეეკრანებზე ბაქიბუქია…
რუსეთის მეტრფე ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის აგენტები, ფულის მონები, მეტაშეები, შუაშისტები, ჩუმები, გულგრილები ან უბრალოდ, ფეისბუქის პატრიოტი, გულმხურვალე მოკაკუნეები; კრიმინალები შინ თუ გარეთ, სხვაც ათასი ჯურის და ზნეობის ადამიანები, მათ შორის, მეც…
ამ ყველაფრის შემქმნელი, სულისჩამდგმელი და დღემდე დირიჟორი ოლიგარქი…
ყ ვ ე ლ ა დ ა მ ნ ა შ ა ვ ე ვ ა რ თ!
#არარუსეთსდარუსულს
#რუსეთიოკუპანტია”-წერს ემიგრაციაში მყოფი თენგიზ თოფურიძე.










