ვეტერინარები ცხოველთა მოყვარულებს მოუწოდებენ აღარ შეიძინონ ინგლისური ბულდოგები, რადგან ამ ჯიშის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის სამეფო ვეტერინარულმა კოლეჯმა (RVC) გაავრცელა. მეცნიერების თქმით, ამ ჯიშს ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი დონე ახასიათებს, რაც მისი წარმომადგენლების „ექსტრემალური გარეგნობით“ არის გამოწვეული.
კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები ძაღლების ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად მკაფიო ზომების მიღების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. მათი თქმით, ეს რისკები ჯიშის ჰიპერბოლიზირებული თვისებებთან არის დაკავშირებული, როგორიც მაგალითად, ბრტყელი დრუნჩია.
ვეტერინარებმა 2 662 ბულდოგის ჯანმრთელობა 22 039 სხვა ჯიშის წარმომადგენლის ჯანმრთელობას შეადარეს. კვლევამ დაადგინა, რომ ინგლისურ ბულდოგებში მთელი რიგი დაავადებების (პრობლემები სუნთქვასთან, კანის, ყურების, თვალების დაავადებები) განვითარების რისკი ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა ჯიშების წარმომადგენლებში.
სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, ინგლისური ბულდოგის შეძენის მსურველთა რიცხვი შემცირდება. მათი აზრით, ჯიშმა უფრო ბუნებრივი იერი უნდა შეიძინოს.
„მომავალში ინგლისურ ბულდოგს უნდა ჰქონდეს უფრო გრძელი დრუნჩი, უფრო პატარა თავი და კანი ნაოჭების გარეშე, ანუ ტანის უფრო ზომიერი და ჯანსაღი აღნაგობა“, – აღნიშნულია კვლევაში.










