ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი დღეს არ გამოაცხადა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება, სხდომის თარიღი კი მხარეებს წინასწარ ეცნობება.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ნიკა გვარამიას თქმით, ის თავის თავზე იღებს “არარსებულ დანაშაულებს” და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანები განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ იურიდიულად არ გამოდიოდა მისთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე:
“აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან “პრიკუპში” მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე.
ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო.” მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.
ნიკა გვარამიამ ასევე მოუწოდა საზოგადოებას დაეხმაროს მის მეორე ოჯახს-ტელევიზიას. მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე და თქვა , რომ ,, სადაც არუნდა იყოს სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ”
“ბიძინა ივანიშვილი მეორეჯერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრმა არ იცის, შეიძლება ბევრმა იცის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და წესიერება, შეიძლება ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე მეორეჯერ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.
პირველი საქმე, სადაც მე გავმართლდი, 3 თუ 4 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა.
იქ იმ სამ დღეში მე გადაწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის და ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.
მე მგონი, არ დასჭირდება, ამ თვის ბოლოდან უკვე ისედაც ეგრე იქნება მაგრამ, მეც შევიტან ჩემ წვლილს ამაში, აუცილებლად”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
ამასთან ნიკა გვარამიამ მოს გულშემატკივარს სთხოვა- მასთან დაკავშირებით, არასოდეს მიმართონ დახმარებისათვის სალომე ზურაბიშვილს:
“მინდა მივმართო ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობარს და ასე შემდეგ – არასდროს, არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს.
კატეგორიულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა; რამეთუ არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებ;
რამეთუ ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება; რამეთუ ადამიანი რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და იძახის რომ არა და არასდროს, ამ ადამიანს, ყველას მოგიწოდებთ, მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას, არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით”, – თქვა ნიკა გვარამიამ სხდომაზე.










