უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს სულ უფრო მეტი ცხედრის აღმოჩენას დედაქალაქ კიევის ირგვლივ, ერთ კვირაზე მეტი ხნის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა დატოვეს ტერიტორია, რათა აღმოსავლეთ უკრაინაზე კონცენტრირებისთვის მოემზადონ. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
“სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს”, – განაცხადა ბრიფინგზე კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა.
ნებიტოვის თქმით, 350-ზე მეტი ცხედარი ნაპოვნია ბუჩაში.
მისივე განცხადებით, ბოროდიანკასა და მაკაროვში ნანგრევების გატანა ჯერ კიდევ გრძელდება და ნანგრევების ქვეშ კვლავ დაღუპული ადამიანების ცხედრები იქნება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სამხედრო ფორმირებებთან.
BBC-ი წერს, რომ არ შეუძლია ამ კონკრეტული განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება.










