16 აპრილს ლაზარეს შაბათია
ლაზარეს შაბათი ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა თავისი ჯვარცმის წინ!
უფლის საოცარი ბუნება ჩანს ამ ამბავში.
ვინ იყო ლაზარე?
იერუსალიმის ახლოს იყო სოფელი ბეთანია. იქ ცხოვრობდა ქრისტეს მეგობარი ლაზარე და მისი დები-მართა და მარიამი. ქრისტე ხშირად დადიოდა მათთან და მათი კეთილმსახურებისთვის უყვარდა ისინი.
ერთხელ ლაზარე ძლიერ ავად გახდა; ეს ამბავი დებმა მაშინვე იესო ქრისტეს აცნობეს, მაგრამ ქრისტემ დაიგვიანა, და ამასობაში ლაზარე კიდეც მოკვდა და დაასაფლავეს. მეოთხე დღეს ლაზარეს სიკვდილისა და დამარხვის შემდეგ ქრისტე თავის მოწაფეებიანად მივიდა ბეთანიას.
მართა და მარიამი მწარედ ტიროდნენ, უსაყვედურეს კიდეც ქრისტეს, შენ რომ აქ ყოფილიყავი არ მოკვდებოდა შენი მეგობარიო. როცა ქრისტემ მტირალი დაინახა, ცრემლი მოერია, მაშინვე მივიდა ლაზარეს საფლავთან და ბრძანა საფლავისაგან ქვის გადაგორება. ლოდი გადააგორეს. უფალმა აღაპყრო თვალნი ზეცას და ილოცა.
მერე ხმამაღლა დაიძახა: “ლაზარე! გამოვედ გარე”. ლაზარე აღსდგა და გამოვიდა საფლავიდან.
აქ საოცარი მომენტია, მაცხოვარი ატირდა, სამყაროს შემოქმედი, როგორც კაცი ტირის, როგორც ადამიანი ტირის.
მაგრამ, ხომ იცოდა იესომ, რომ აღადგენდა ლაზარეს, მაშ, რატომღა ტიროდა იგი?
ტიროდა იმიტომ, რომ მოახლოებული იყო ჟამი მისი ვნებისა;. ტიროდა იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი იერუსალიმი გამოვიდოდა მის შესახევედრად და სულ 3-4 დღის შემდეგ კი იგივე ხალხი იყვირებდა: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“.
ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს.
ამასთან, შაბათს და კვირას ხსნილია თევზით.
გფარავდეთ უფალი!
წყარო: ,,საქართველოს იმედი”










