,,ქართული საზოგადოება ერთსულოვნად შეთანხმებულია, რომ არაბები, სელჩუკები, მონღოლები, სპარსელები, ოსმალები, საქართველოს ისტორიული მტრები იყვნენ.
რაც შეეხება რუსეთს, ის ერთადერთია საქართველოს ისტორიულ მტრებს შორის, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ქართველთა გარკვეული (ალბათ მცირე) ნაწილი ქვეცნობიერად არ მიიჩნევს რუსეთს, როგორც მტერს, მიუხედავად ორას წელზე მეტი ხნის ოკუპაციისა და ანექსიისა, რომელსაც ამ დრომდე განიცდის რუსეთისაგან საქართველო.
ამ ვითარების უმთავრესი ფაქტორია რუსეთის, როგორც დამპყრობლის თვისობრივად განსხვავებული ვერაგობა, რომელიც მოიცავს რუსეთის მიერ ქრისტიანობისა და ეკლესიის ფარად გამოყენებას.
თუ საქართველოს ზემოჩამოთვლილი ისტორიული მტრები იყვნენ მუსლიმური აღმსარებლობისა, რუსეთმა ქრისტიანობის ფსევდოსახელით აწარმოა ყოველი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო თავად საქართველოსთვის ქრისტიანობა, გარდა სარწმუნოებრივი აღმსარებლობისა, უკანასკნელი ორი ათასწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად არის სახელმწიფოებრივი იდეა და იდეოლოგია, რომლის ფონზეც ქართველთა გარკვეული ნაწილის ქვეცნობიერი ვერ აღიქვამს რუსეთს, როგორც მტერს.
არა და რუსეთი სწორედ ამ გარემოებით ცრუობს და ვერაგობს და თავადაც რუსეთში ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან ეკლესია მმართველობის მხრივ გადაქცეულია სახელმწიფოს დანამატად, რასაც საბჭოთა კავშირში დაემატა სტალინური ეკლესიის ფაქტორიც, რაც გულისხმობდა კომუნისტების მიდგომას ეკლესიისადმი, რომ თუ ეკლესიას ვერ ამოვძირკვავთ, მაშინ ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ, რომელსაც კომუნისტებმა, სამწუხაროდ, ფაქტობრივად მიაღწიეს.
ქართველები არ უნდა დაგვაბნიოს და შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს რუსეთის ე.წ. ქრისტიანობამ. არავითარი ქრისტიანული რუსეთი არ არსებობს!
მხოლოდ და მხოლოდ არსებობს რუსეთის დამპყრობელი იმპერია სხვადასხვა დროში სხვადასხვა ფორმაციით, თუმცა ერთი იდეითა და სულისკვეთებით, რომლის მიხედვით რუსეთის მიერ საუკუნეთა მანძილზე საქართველოში დახოცილ-გადასახლებულია ასობით ქრისტიანი სასულიერო პირი, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქები და მღვდელმთავრები, დანგრეულია მრავალი ტაძარი და მონასტერი და ა.შ.
თავად ქრისტიანობის სახელის გამოყენება რუსეთის ისტორიული შეფარული ვერაგობა, რომელსაც ის სატყუარად იყენებს ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ ისეთი მგრძნობიარე ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა.
იმედია, დროის სვლასთან ერთად საქართველოში იქნება სრულიად ერთსულოვანი მიდგომა, რომ რეალურად არავითარი ქრისტიანული და არავითარი ერთმორწმუნე რუსეთი არა არსებობს, არამედ არსებობს რუსეთის ოკუპანტი და მკვლელი სახელმწიფო!”- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე.










