საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშენ ბურჭულაძე, პარლამენტში ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ქვეყნისთვის უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა დეტალებს არ ასახელებს. ჟურნალისტებთან დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მინისტრმა თქვა, რომ ეს საფრთხეები რუსეთიდანაა.
“გამოწვევა კლასიკურად რაც იყო, იგივეა; საფრთხე იგივეა, უბრალოდ, გამძაფრებულია – რეგიონში არის ომი, ინტერვენცია ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ არაერთხელ და ამ გამძაფრებულის ფონზე გადავალაგებთ პრიორიტეტებს.
საფრთხეების კლასიფიცირება არ შეცვლილა, შეიცვალა ინტენსივობა. ჩვენ რისკებს და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქედან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად”, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.
მან ჟურნალისტებთან პრემიერის მსგავსად აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების საჭიროება არ დგას და ამ პროცესს ფორმალობა უწოდა. მინისტრმა თქვა, რომ მათ უსაფრთხოების საკითხებზე ისედაც აქვთ შეხვედრები.
უკვე მეთხუთმეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი “ეროვნული ინტერესების” მოტივით არ უერთდება მათ.










