„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ აპირებს გამოიკვლიოს, როგორ და რაზე ანაწილებენ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები დროს.
როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების საკითხზე კვლევის ჩატარება 2020 წელს იგეგმება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ თემაზე მოქალაქეების გამოკითხვა მოხდება.
გოგიტა თოდრაძის თქმით, გამოკვლევის შედეგად დადგინდება, თუ როგორია მოსახლეობის დროის მენეჯმენტი და დროის გამოყენების გადანაწილება დღისა და ღამის განმავლობაში, ქალისა და კაცის, სოფლად და ქალაქად მცხოვრებთა ჭრილში.
„ადამიანების მიერ დროის გამოყენების გამოკვლევა აქამდე საქართველოში არასდროს ჩატარებულა, რაც ამ მიმართულებით შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს უკავშირდებოდა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა მომდევნო წელს ჩავატაროთ გამოკვლევა.
მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ეს მეტად ღირებული პროდუქტი იქნება გენდერული სტატისტის კუთხით არსებული მაჩვენებელთა წრის განვითარებისთვის, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად არსებული საბაზისო ინდიკატორების გაანგარიშებისთვის”, – განაცხადა თოდრაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.