უკვე სამი დღეა, უკრაინა რუსეთის პირისპირ უთანასწორო ბრძოლაშია ჩართული.
ადგილობრივების თქმით, ეშინიათ, განსაკუთრებით ღამე, შინ განათებულ სახლებში გაჩარების, მაგრამ ახლა შიშის დრო არ არის, პანიკას არ უნდა აყვნენ.
AMBEBI.GE – რამდენიმე ქალაქში მცხოვრებ უკრაინელებს ესაუბრა:
ვალია, მარიუპოლში მცხოვრები უკრაინელი (გვარს შეგნებულად არ ვწერთ, რადგან ქალბატონის შვილი ფრონტის წინა ხაზზე იბრზვის):
– თითქმის ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც გვირეკავენ ახლობლები და გვეკითხებიან, რას ვაპირებთ და როდემდე ვრჩებით ქალაქში, რომელიც მესამე დღეა უსაფრთხო არ არის… ჩვენ მერვე წელია საომარ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. შეჩვეული ნამდვილად არ ვართ, რადგან შეუძლებელია ნორმალური ადამიანი ომს შეეჩვიოს, მაგრამ შიში გადალახული გვაქვს.
ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, აფეთქებების ხმები არ წყდება. საკმაოდ ახლოს ისმის, არადა, მთელი დღის განმავლობაში შორს ისმოდა. რამდენჯერმე გაგვაფრთხილეს, რომ ამაღამ სატანკო შემოტევას უნდა ველოდოთ. ამიტომ, არ ვიცი დილით რა რეალობა იქნება. უკვე რამდენიმე დღეა ჩაცმულს გვძინავს. ჩემზე არაფერს ვამბობ, ან რა დროს ძილსა და მშვიდ ცხოვრებაზე წუწუნია, მაგრამ შვილიშვილი მყავს, 8 წლის, კირილი, მამამისი პირველი დღეებში ჩაეწერა მოხალისედ, ფრონტის წინა ხაზზეა. ძალიან მინდა ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი დავახვედრო. იატაკზე ვწევართ. როგორც კი სიგნალი გაისმება, დავტაცებთ ხელს და სარდაფში გავრბივართ.
მაღაზიები, ზოგადად სავაჭრო ობიექტები ღიაა?
– კი, სურსათის მაღაზიები ღიაა, როდესაც სროლები ახლოს არ ისმის, ხალხი ქუჩაში გამოდის. გუშინ ჩემი მეუღლე იყო ბანკში, კრედიტი უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ვერ გადაიხადა. შინ მოხუცები დავრჩით და ინტერნეტით გადახდა არ ვიცით. ვერც ბანკში გადაიხადა. ამიტომ დავრეკეთ, ოპერატორმა გვიპასუხა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაგვიანების გამო, პრობლემა არ შეგვექმნებოდა… სურსათის მაღაზიები სავსეა. საკვების დეფიციტი არ შემიმჩნევია. ფული შევაგროვეთ და მოხალისეებს საკვები და ცხელი ყავა გავუგზავნეთ. ერთადერთი, რაც შევნიშნე, დახლებიდან მხოლოდ პური ქრება სწრაფად. არ ვიცი, რატომ. ეტყობა, ხალხს ეშინია და მარაგს იკეთებს.
ბევრი გაერიდა და წავიდა. ზოგი სოფელში, ზოგიც პოლონეთისკენ. ამბობენ, რომ პოლონეთში ძალიან ადვილად, საბუთების გარეშეც კი უშვებენ… ჩვენ არც გვიფიქრია წასვლა. მოხუცი დედა მყავს, რომელსაც შორ მანძილზე გადაადგილება უჭირს. ეს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, აქ დავიბადე და გავიზარდე. როდესაც აქ დარჩენილები ერთმანეთს მოვიკითხავთ, სულ ვამბობთ – ახლა პანიკის დრო არ არის, უნდა გავუძლოთ!..
ნელი:
– რამდენჯერმე შუქი გაითიშა, მაგრამ მალევე ჩართეს. ეტყობა, აღადგინეს. აფეთქებებისა და სროლების ხმა ისმის, მაგრამ ასატანია… ვცდილობთ, პანიკას არ ავყვეთ, ეს არაფრის მომტანია… ჩემი ახლობლები ჰყვებიან, რომ თუ აქამდე რუს სამხედროებს ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაზე რეაქცია არ ჰქონდათ, ახლა ძალიან ღიზიანდებიან. რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს სამოქალაქო პირის მანქანას, სახლს ან სამოქალაქო ობიექტს, საიდანაც ვიდეოს უღებდნენ. ამავდროულად ვრცელდება ფეიკნიუსები, თითქოს, რუსმა ახლობლებმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, იქ ჩასვლა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი, სამ ასოზე გავუშვით, ასე არ ყოფილა, ვინც წავიდა, წავიდა, ჩვენ კი დავრჩით სხვადასხვა მიზეზების, უმეტესად, ოჯახური ფაქტორების გამო.
ჩემი ნათესავები ოდესაში ცხოვრობენ. იქ უფრო მძიმე სიტუაციაა. მისი შვილი დაიჭრა, 11 წლის ბავშვი. დაბომბვაში მოჰყვნენ და ნამსხვრევები სახეში შეეყარა. ორივე თვალი დაზიანებული აქვს, ექიმები ამბობენ, რომ ერთ თვალში რამდენიმე პროცენტს დაინახავს… ეს არის პუტინის რუსეთის აგრესიის სახე. ომში ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე მიიტანეს იერში, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი ჩვენი კაცები ფსიქოლოგიურად გატეხონ. არ გამოუვათ. საკმარისი ვართ იმისთვის, რომ ვანახოთ რა შეგვძილია. მე და ჩემი ოდესელი ნათესავები ერთმანეთს მწარედ ვეხუმრებით – თუ გადავრჩებით, ერთად უნდა გადავრჩეთ.
საავადმყოფოში დაჭრილებიც გვყავს. გვითხრეს, რომ მათთვის სისხლი სჭირდებოდათ. იმხელა რიგი დამხვდა, სამ საათზე მეტ ხანს ვიცდიდი. იმიტომ, რომ სამედიცინო და საავადმყოფოს პერსონალი არ მოცდეს, მივდივართ და შავ სამუშაოებში ხელს ვაშველებთ… მთავარია, ერთობა შევინარჩუნოთ. ასეთ დროს კი, გულსატკენია, როდესაც ვიგებთ, რომ მარადიორობის ფაქტები დაფიქსირდა, გაქურდეს რამდენიმე ბინა, მანქანა და მაღაზიები… ეტყობა, მათ არ ახსოვთ, რომ უბრალო ხალხს იარაღი დაურიგეს, რამდენიმე ათას ადამიანს. ასეთ დროს, როდესაც ჩვენი კაცები ქვეყნისთვის თავს წირავენ, ამგვარი საქციელი კი სხვა არაფერია, თუ არა, დივერსია, ზურგში დანის ჩარტყმაა, ღალატი. მოღალატე კი, უნდა მოკვდეს. იმედია, ამასაც ქალებიც მოვახერხებთ.
Ambebi.ge