ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ქანდაკება მოიპარეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები.
საუბარია მცირე ზომის ნახევრად ბრინჯაოს ქალღმერთის ქანდაკებაზე, რომელიც ცაიშში არქეოლოგიური გათხრების დროს არის ნაპოვნი. ქანდაკების სახელია – “კოლხური ნანა”, რომელიც წარმართული ღვთაებაა.
ცნობისთვის, მსგავსი ქანდაკება საბერძნეთის კუნძულ სამოსშიც არის ნაპოვნი. ისტორიკოსების განმარტებით, ის ჩვ.წ. მე-8 საუკუნით თარიღდება.
“ერთი კამერა არის, რომელიც ვარაუდობენ,რომ უყურებს ამ ქანდაკებას. ადრე რამდენჯერმე დაზიანდა ეს ქანდაკება. წერილიც დატოვეს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ებრძვიან და ამ მიზნით დააზიანეს. ახლა თვითონ ქანდაკებაა წაღებული”, – განმარტა მუზეუმის დირექტორმა ანზორ ოყუჯავამ.
დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას “კოლხიშ ნანა” ეწოდა.
ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.
წყარო: mtavari.tv










