კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” მთელ მსოფლიოში გავრცელების პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ევროკავშირში მის მაქსიმალურად შესაკავებლად ზომების მიღებაა აუცილებელი. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ორგანოებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.
“გარკვეული ზომების მიღება საჭიროა არა იმისათვის, რომ ვირუსი ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში არ შევუშვათ, ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია, არამედ იმისთვის, რომ მისი გავრცელება მაქსიმალურად შევანელოთ და ევროპის ჯანდაცვის ორგანოებს და ვაქცინის მწარმოებლებს ადაპტაციისთვის საჭირო დრო მივცეთ”, – განაცხადა მამერმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).










