ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
“აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.
ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი NATO-სკენ მიმავალი გზის დეტალებს.
საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ NATO-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ.
“NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ NATO-ს სამიტზე ივნისში”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.









