მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან საარბიტრაჟო დავისას ჩვენების მიცემის დროს დააფიქსირეს.
ტელეკომპანია “ფორმულამ” მისი ჩვენების ვიდეო-ვერსია გაავრცელა. საქართველოს ყოფილი პრემიერი მის ფინანსურ საკითხებზე, ოჯახის წევრებსა და მრჩევლებზე საუბრობს. ჩვენების ერთ-ერთ მონაკვეთში ის ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ახსენებს, რომელიც საქმის მიმდინარეობის დროს ივანიშვილის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს იმ დროისთვის არც ფინანსური და არც იურიდიული განათლება ჰქონდა, თუმცა შეხვედრების ორგანიზებასა და გარკვეული დავალებების შესრულებას მაინც ანდობდა.
“ერთ პატარა რემარკს გავაკეთებ ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ზოგადად, ასისტენტებზე კარგი იქნება, რახან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს.
ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი. ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი.
თუ კრედიტ სვისი მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი.
აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე, ვთქვათ, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ვთქვათ, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება და ასეთი, მსგავსი.
თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე რა თანხებია, რა დარჩა და ასე შემდეგ… ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება ამის და მით უმეტეს არც ფინანსური
კითხვა: [ანუ რაღაც მდივანივით გყავდათ?] – რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ”, – ამბობს ივანიშვილი ჩვენების მიცემისას.










