მიხეილ სააკაშვილთან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მისი ინტერესების დამცველი და, ,,მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორი მივიდა.
როგორც ნიკა გვარამიამ გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, მას სასჯელაღსრულების სამინისტროდან დაურეკეს. ადვოკატთან შეხვედრა თავად მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა. ექსპრეზიდენტთან შესახვედრად ასევე უნდა მივიდეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი.
რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამის ამის თაობაზე პოზიცია აქვს, თუმცა ის ამ პოზიციას არ გააჟღერებს და დაელოდება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას.
,,მე არ მოვსულვარ რეკომენდაციებით, ეს ახლა რელევანტური არ არის, უნდა დაველოდოთ სააკაშვილის პოზიციას… დამირეკეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან, მთხოვეს მოსვლა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, რომელიც ძალიან მალე მოვა. არა კონსული, არამედ მისი წარმომადგენელი, რადგან კონსული იზოლაციაშია. შევალთ და გავარკვევთ ყველაფერს, აქამდე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ჩემი პოზიცია გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მაქვს, მაგრამ ეს რელევანტური არ არის”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ მასთან ნიკა გვარამია და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მისულიყვნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ხერხეულიძის თქმით, ვიდრე ნიკა გვარამია და საელჩოს წარმომადგენელი სააკაშვილთან არ მივლენ და მათთან ერთად არ გადაწყდება გადაყვანის საკითხი, ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან არ გადავა.










