დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება შსს-ს განცხადებას 2021 წლის 15 ნოემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქციების გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ განცხადება მსუსხავი ეფექტის მატარებელია სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ და საჯარო უწყებების უკიდურეს მიკერძოებაზე მიუთითებს.
“ტრანსპორტის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვა ავტომატურად არ წარმოადგენს დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენების საფუძველს.
ცალკეულ შემთხვევებში, მითითებული ქმედებების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართლებრივი და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ასეთი კატეგორიული არ ყოფილა სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული 5 ივლისის ძალადობრივი აქციების მიმართ, როდესაც მათ თბილისის შემოსასვლელთან გზა გადაკეტეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.










