“უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები საერთაშორისო ნორმების ფარგლებში უნდა იყოს დაცული.
“პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული, იძულებითი ძალის გამოყენების დაუშვებლობას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის დედისა და ნათესავების შეხვედრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ითხოვა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების შესაძლებლობის განხილვა”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.