დღევანდელი მდგომარეობით ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ყოველი 100 ინფიცირებულიდან, 15 ბავშვია.
მისივე ინფორმაციით, წინა შტამების შემთხვევაში ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, ხოლო გაზრდილი შემთხვევების რაოდენობა დელტა შტამს უკავშირდება.
„1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15% არის ბავშვი ანუ 100 ინფიცირებულში 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს დაბალი მაჩვენებელი იყოს, პირიქით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ასაკობრივი განაწილება, მოიმატა ბავშვებში ინფიცირების რაოდენობამაც. თუ დასაწყისში იყო 7%, შემდეგ „ალფას“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, ძალიან მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მან ასევე ბავშვებში ვირუსის მიმდინარეობის სირთულსა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბავშვებში მაღალი არ არის, თუმცა ამ დროისთვის ვირუსს უკვე ემსხვერპლა 8 ბავშვი.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8,3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში და დღეისათვის საქართველოში 8 ბავშვია გარდაცვლილი კორონავირუსით. ასე რომ ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი და განსაკუთრებით ის მუტაცია რომელიც საქართველოშია გავრცელებული, ბავშვებში ხშირია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც ბავშვებში 2020 წელთან შედარებით გაზრდილია და ესეც სერიოზული განსხვავებაა. გარდაცვალების მაჩვენებელი ბავშვებშიც გვაქვს, ძალიან დაბალი, მაგრამ მაინც. სწორედ ესაა არგუმენტი იმისა, რომ ვაქცინაცია ბავშვებში არის მნიშვნელოვანი. ასე რომ ჩვენ დავიწყებთ 12-დან 15- წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას. აქამდე იმავე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ტარდებოდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის დროს. ეს იყო ბავშვები თანდაყოლილი პათოლოგიებით, ქრონიკული პათოლოგიებით და მალე უკვე გახდება უნივერსალური“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.










