“არანაირი დამუქრება, არანაირი ზეწოლა, არანაირი გატაცება, ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად. სოფელში წავედი ნათესავებთან დროებით. გავწყვიტე ყველასთან კონტაქტი და გავერიდე სიტუაციას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის #90-ე უბნის რეგისტრატორმა იზა ჩირგაძემ განუცხადა, რომელიც მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
იგი გუშინ გვიან ღამით პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.
იზა ჩირგაძე, რომელმაც პირველ ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საარჩევნო შტაბში არჩევნების გაყალბების სქემაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას აიძულებდნენ სხვადასხვა პირები ყალბი პირადობის მოწმობით რეგისტრაციაში გაეტარებინა. იზა ჩირგაძე მაშინ ამბობდა, რომ როცა მან ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, მისი და მისი ოჯახის მისამართით ზეწოლა და მუქარა დაიწყო. ამის შემდეგ “ქართული ოცნების” კომისიის წევრი ორი დღის განმავლობაში მედიასთან არ ჩნდებოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ჩირგაძე იმერეთის სოფელში მეუღლის ოჯახში იყო წასული, თუმცა, მან საცხოვრებელი სახლი 3 ნოემბერს დატოვა და ქუთაისში დაბრუნდა. ახლა კი ყველა განცხადებას, რაც მან შტაბში გააკეთა, უარყოფს.










