“მედცენტრის” დირექტორის, მედეა ქაჯაიას ინფორმაციით, ბათუმში, ნგრევისას გადარჩენილი ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა სტაბილურია, სახეზეა დადებითი დინამიკა
„პაციენტი აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური კვლევებითაც დინამიკა დადებითია. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.
სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.









