14 ოქტომბერს 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქციის გამრათვას აპირებს.
„უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, – განაცხადა „ნაციოანლური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 9 ოქტომბერს ზუგდიდში გამართულ საპროეტსტო აქციაზე.
ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით „სამაგალითო ბრძოლა უნდა აჩვენოს“:
„ძალიან მშვიდი ვარ, მინდა ინტონაცია შევარჩიო, რამეთუ ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ ვეცდები ივანიშვილს ძალიან რბილად ვუთხრა – ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ აქვე მინდა გავაფრთხილო, რომ 20-ვე ოლქში, სადაც არჩევნები ჩატარდება 30 ოქტომბერს და სადაც ჩვენი ხალხის თავგანწირვით, ბრძოლით, ერთგულებით და ერთიანობით მოვიპოვებთ გამარჯვებას და ამას არავის გავატანთ“.
ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ 14 ოქტომბერს „თავისუფლების მოედანზე“ იდგებიან ის ადამიანებიც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ არც მხარდამჭერები არიან და არც – ამომრჩევლები.
„ეს არ იქნება ვიწრო პარტიული შეკრება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა









