საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს მიმართავს. მისი წერილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მედიასთან მისმა ადვოკატმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა, რომელმაც ექსპრეზიდენტი ციხეში მოინახულა.
“კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი” – წერს მესამე პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.










