მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ექსტრადირებაზე უარს იტყვის, რადგან ის საქართველოში პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.
„სავარაუდოდ კი არა, ალბათ, უარს იტყვის [ექსტრადირებაზე] . მისი პოზიცია არის ის, რომ ის ჩამოვიდა თავის სამშობლოში და აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას“, – აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც მან სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და შიმშილობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.










