ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი ფიქრობს, რომ კომპანია „ალმასგან“ გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება. მისი თქმით, სიძულვილის ენა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია.
„ნებისმიერ შემთხვევაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი. მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის კომუნიკაციის საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა.
მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ.
მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს,
თუმცა რა თქმა უნდა „ალმასგან“ გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, – განაცხადა ტიაკრაძემ.
17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!”. ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები სისხლის შხეფების ფონზე არიან გამოსახული. რამდენიმე მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა უშუალოდ ბანერების გაკვრის პროცესის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ “სისხლიანი” ბანერებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ, ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებს ანაცვლებენ.










