დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში ანაფილაქსიური შოკის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისივე განმარტებით, როცა მსგავსი მძიმე, გვერდითი რეაქცია ფიქსირდება, მეორე დოზით აცრისთვის ვაქცინა უნდა შეიცვალოს სხვა დასახელების ვაქცინით.
“როდესაც არის მძიმე რეაქცია და ეს უწერია ნებისმიერ ვაქცინას, მინისტრის ბრძანებითაც არის განსაზღვრული ჩვენთან, რომ თუ ვაქცინის პირველ დოზას მოჰყვა მძიმე რეაქცია, ვაქცინის მეორე დოზის დროს ის უნდა შეიცვალოს.
თუმცა, აქვე მინდა განვამრტო, რომ ის, რასაც მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქვია, ასეთი არის ანაფილაქსიური შოკი. საქართველოში უკვე აცრილია მილიონნახევარი ადამიანი და ასეთი რეაქცია სულ იყო 3″ – განაცხადა პაატა იმნაძემ.










