ბუსტერული დოზის საკითხები მსოფლიოში ასე დგას – განიხილება ბოლო ინექციიდან 6 თვის შემდგომ და ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც ითვლებიან იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებად, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუსტერული დოზის შესაძლებლობას მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც განიხილავს. კულუმბეგოვის თქმით, მესამე დოზის გაკეთება მეორე დოზიდან 6-8 თვეში იქნება შესაძლებელი.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე.
ესენი შეიძლება იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია.
შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება.
ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც განიხილავს ამას და როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.










