ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალრ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით მისი მეგობრის მეუღლე, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, რომელიც ვაქცინირებული არ იყო.
ამასთან, ჟურნალისტი იმ ოჯახის შესახებ წერს, რომლის სამი წევრიც აცრის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა ხანდაზმულობისა და ქრონიკული დაავაებების მიუხედავად, ვირუსი სახლის პირობებში, მარტივი მიმდინარეობით გადააქვთ.
“გუშინდელს აქეთ შეძრული და გამწარებული ვარ – კოვიდმა მეგობრის მეუღლე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი წაგვართვა…
მივმართავ ყველა ჩემს ნაცნობს – ვინც ამ თუ იმ მიზეზის გამო ფეხს ითრევს ვაქცინაციაზე. ორი, ძალიან კონკრეტული მაგალითი მაქვს, აცრასთან დაკავშირებით.
სახელებს არ დავწერ, მაგრამ მენდეთ – ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ და რეალური ადამიანები არიან.
ერთ შემთხვევაში კოვიდით გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა კაცი – ჩვენი მეგობრის მეუღლე, რომელსაც დარჩა შვილები და უამრავი კარგი საქმე, რომელიც წესით ღრმა სიბერემდე უნდა ეკეთებინა. ის არ იყო აცრილი.
მეორე შემთხვევა – ასევე ჩემი, მეორე მეგობრის ოჯახს ეხება – დედა, დედამთილი და მამათილი, 80 წელს გადაცილებული ხალხი, ქრონიკული დაავადებების ბუკეტით.
მაგრამ ორჯერ აცრილები – სახლის პირობებში ასრულებენ კოვიდს. უსიმპტომოდ, მხოლოდ ალაგ-ალაგ დაბალი სიცხით.
ნუ გადადებთ ხალხო ნურაფრის მიზეზით სიკვდილისგან თავის დაცვას – წადით, აიცერით. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ვაქცინით – აიცერით!
მივმართავ ჩემს აცრილ სამეგობროსაც. – ჩვენ უნიათო და უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომელსაც სააგიტაციო კამპანია ჯერაც არ დაუწყია.
ამიტომ ჩვენს ახლობლებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – ველაპარაკოთ, მოვიწოდოთ, დავაჯეროთ, რომ არ ღირს ჯერ სიკვდილი” – წერს ჟურნალისტი.