“სამედიცინო დასკვნა კონფიდენციალურია და რა უფლებით გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც შეიტყო ექსპერტიზის მსვლელობისას”, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გამომძიებელზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მხრიდან ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება.
“არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა მას ამგვარი განცხადება გაეკეთებინა. ბუნებაშიც არ არსებობს ამგვარი დასკვნა, წერილობითი სახით. გამომძიებელს აქვს უფლება დაესწროს ექსპერტიზას, თუმცა სამედიცინო სახის ინფორმაცია კონფიდენციალურია და რა უფლებით გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომელიც შეიტყო ექსპერტიზის მსვლელობისას. არ ვიცი საიდან მოიტანა, თუკი ეს იყო ზედოზირება, მაშინ დასკვნაში უნდა ეწეროს, რომ ეს იყო სიცოცხლისათვის საშიში დოზები ამ ნივთიერებების და ამისი გამოწვეულია სიკვდილი.
ნებისმიერი პრეპარატით შეიძლება ზედოზირება მოხდეს. ეს არაფერს ნიშნავს. თუნდაც ის მომხარებელი ყოფილიყო. აქ იმდენი დარღვევაა თავიდანვე. იქიდან დაწყებული, როდესაც მან ტრავმა მიიღო და რა მოქმედებებიც განახორციელა გამოძიებამ, რომ აქ ახლა ამაზე მსჯელობა ზედმეტია. უნდა ჩატარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, რომ გაირკვეს გარდაცვალების მიზეზი. ყველაზე დიდი შეკითხვა, რაც გამოძიებას უნდა დაესვას, რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა მაშინ, როცა ის იმყოფებოდა სტაციონარში”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა “მთავარი არხის” ეთერში.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.










