შინაგან საქმეთა სამინისტრო ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს – 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.