ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის ახალმა შტამებმა ახალგაზრდებში მძიმე შემთხვევების მატება გამოიწვია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მოიხსნა, მოქალაქეებმა დიდი ქორწილები და ქელეხები მაინც არ უნდა გადაიხადონ.
“წინა პერიოდში ამდენი ახალგაზრდა მძიმე არ იყო. ბრიტანული შტამის დროსაც გვყავდა ჩვენ მძიმე პაციენტები, 21 წლის, 40 წლის. გაახალგაზრდავდა, ზოგადად, რაოდენობრივად მაინც ხანდაზმული ჭარბობს, მაგრამ წინა ტალღაზე ახალგაზრდები ისე მძიმე არ იყო, როგორც ახლა. ეს შტამები წამოვიდა ისე, რომ ახალგაზრდებსაც ამძიმებს. ეს ჯერ კიდევ ამოუცნობი ვირუსია.
შემოდგომაზე შარშანდელ სიტუაციას არ ველოდები, მაგრამ ვფიქრობ მატება მაინც იქნება. რეგულაციები ალბათ ისევ იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ეს არ უნდა გვჭირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ უნდა გადაიხადოს 500 და 300-კაციანი ქორწილი. ასეთი მოცემულობა შეიქმნა მსოფლიოში, იმას რასაც ვაკეთებდით ადრე, ყველაფერს ვეღარ გავაკეთებთ. აღარ უნდა იყოს დიდი ქელეხები და ღრეობები, და ამ შემთხვევაში არ იქნება დრამატული მატება, როგორიც გვქონდა,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.









