თბილისის ოლიმპიურ აუზზე დასრულდა 2020 წლის FINA-ს მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი. პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული მონტენეგროს ნაკრები გახდა. ბალკანელებმა ფინალში აშშ-ის ნაკრები 9-8 დაამარცხეს და ოქროს
მედლები მოიპოვეს. სუპერ ფინალის საუკეთესო მოთამაშე მონტენეგროს ნაკრების წყალბურთელი ალექსანდარ ივოვიჩი გახდა.
ფინალისტები აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა დააჯილდოვეს.
მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის ბრინჯაოს მედლებს საბერძნეთის ნაკრები დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში იტალია 10-8 დაამარცხა. მე-5 ადგილი იაპონიამ დაიკავა, რომელმაც ყაზახეთს 17-10 სძლია. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში დეიან სტანოიევიჩის გუნდი საფრანგეთთან 5-10 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე ერთი შეხვედრა მოიგო – ჯგუფურ ეტაპზე იაპონია 13-12 დაამარცხა.
FINA წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალი – საბოლოო ცხრილი
1. მონტენეგრო
2. აშშ
3. საბერძნეთი
4. იტალია
5. იაპონია
6. ყაზახეთი
7. საფრანგეთი
8. საქართველო









