საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი დავით დონდუა ტელეფონით ესაუბრა ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.
“2021 წლის 1 ივლისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა ტელეფონით ესაუბრა ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ღეორღიოს კონდაქსაკისს.
ეს ის დაწესებულებაა, სადაც 26 ივნისს, საქართველოს მოქალაქემ მოკლა მისი თანამესაკნე, ასევე საქართველოს მოქალაქე. ციხის დირექტორმა საქართველოს ელჩს განუცხადა, რომ შეძრწუნებულია მომხდარით და აღნიშნა, რომ ამჟამად ამ საქმეზე კრეტის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს გამოძიება.
დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კონტაქტზეა ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან და მზად არის მომავალშიც გააგრძელოს საელჩოსთან თანამშრომლობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.









