საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების ცნობით, ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
“რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება. მეხანძრე მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე აგრძელებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს”,- ნათქვამია განცხადებაში.
ვაშლოვანის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, 30 ივნისს მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი ართულებდა, დამწვარია მრავალწლოვანი ხეები. პროცესში ვერტმფრენის ჩართვა საჭირო არ გახდა.









