ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა გელათის ტაძრის დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა.
იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ ტაძარში იუნესკოს ექსპერტები მუშაობენ და მათ მედიის ყოფნით ხელი ეშლებათ.
„თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. იუნესკოს ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით, თუ იუნესკოს ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს“, – განაცხადა იოანე გამრეკელმა.








