“საცხოვრებელი კონტეინერები არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს: ფანჯრები მტკიცედაა ჩაგმანული, სინესტეა, იატაკზე და ჭერზე წვეთები მოჩანს, სანტექნიკა მოშლილია…“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” («Süddeutsche Zeitung») გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: “ხენდრო და უბედურება“, რომელშიც გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობებია გადმოცემული (ავტორი – კლაუდია ჰენზლერი).
“ივნისის დასაწყისში ხენდროს მოსავლის ასაღებად ფრისდრისჰაფენში, ბადენის ტბასთან მდებარე ფერმაში სამუშაოდ მყოფმა ქართველებმა სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნეს, რომლის შედეგად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ 24 ქალს და მამაკაცს საკმაოდ არასახარბიელო ცხოვრების პირობები აქვთ.
ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული უცხოელების ექსპლოატაცია გერმანელი ფერმერების მიერ კანონდარღვევებით ხდებოდა და მათ ღირსეულად არ ექცეოდნენ. გერმანელ ფერმერთა ასოციაციაში ხაზს უსვამდნენ, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებიაო, მაგრამ განა მართლაც ასეა? იქნებ შეცდომები თვითონ სამუშაოთა სისტემაშია?
პუბლიკაციაში განხილულია გერმანიაში უცხოელთა დასაქმების სისტემაში არსებული ხარვეზები. როგორც ირკვევა, ეს საკითხი სხვადასხვა სტრუქტურების – როგორც ცენტრალური ფედერალური ორგანოების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაში შედის და კოორდინირების დონე არასახარბიელოა. “უცხოელი მუშების უფლებების საკონსულტაციო ცენტრის ექსპერტის ვერნერ ლანგენბახერის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა საკითხი ერთი უწყების დაქვემდებარებაში იყოს. მას იმედი აქვს, რომ ჩაგმანული ფანჯრები და მოშლილი სანტექნიკა წარსულში დარჩება“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
მასალა მოამზადა ambebi.ge-მ sueddeutsche.de-ს მიხედვით








