2020 წლიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება. ამის შესახებ ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევიდა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება.
აღნიშნული ცვლილება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევიდა. კანონპროექტის ავტორები – მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. ცვლილების მიზეზი კი – საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.