ფარმაცევტებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი “რეგენერონი” შექმნეს.
პრეპარატი ლაბორატორიაში მიღებული ორი ტიპის ანტისხეულების ნარევია, რომელიც ინტრავენურად შეჰყავთ და ორგანიზმს ვირუსის განეიტრალებაში ეხმარება.
ბრიტანეთის მედიკამენტების კვლევითმა ჯგუფმა “Recovery Trial”-მა განაცხადა, რომ პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მესამე პაციენტს ეხმარება. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოველ 100 პაციენტში 6 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
პრეპარატის ღირებულება დაახლოებით 1,400-დან 2,800 დოლარამდე მერყეობს.
“რეგენერონი” მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, რომელთა ორგანიზმიც ანტისხეულებს დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს.
ბრიტანეთში ეს მედიკამენტი 1,000 პაციენტზე გამოსცადეს და აღმოჩნდა, რომ იგი მნიშვნელოვნად ამცირებს: სიკვდილის რისკს, ასევე, საავადმყოფოში და რეანიმაციაში გადაყვანის აუცილებლობის რისკებს.
სერ მარტინ ლენდრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი პრეპარატი კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში სიკვდილის რისკს დაახლოებით ერთი მეხუთედით ამცირებს.
ახალი პრეპარატი დექსამეტაზონთან ერთად გამოიყენებოდა. ერთი წლის წინ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ დექსამეტაზონმა კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს შორის სიკვდილის რისკი დაახლოებით მესამედით შეამცირა.